Wednesday, June 4, 2014

“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”
გ. ჩოხელი
ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო – ეს მზადებისა და არჩევანის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი – ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე.. დრო – ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვის, იმის შეძენის, რაც მარადისობაში განიხსნება. 
დრო ადამიანის გამოცდის ველია, მარადისობა კი თვით ღვთაებრიობის კუთვნილებააღვთაებრიობის სუნთქვაა, რომლის შეგრძნებაც სულს ლოცვის დროს შეუძლია. ურწმუნოსთვის დრო მარტოოდენ სიკვდილის წინკარია, ყოფიერების მსხვრევაა. ამიტომ ურწმუნოთ დროსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება რჩებათ – დაივიწყონ იგი.  ქრისტიანისთვის კი დრო – ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა, მარადისობა შესაძლოა ჩვენთვის ღვთის უსასრულო კარგვად იქცეს.
ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა.გაუფრთხილდი დროს,  იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება მარადიულობა. იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო..”
წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით









”რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ.. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.. 
ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.. თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია.. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.. ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო..ადამიანს, როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება..
როდესაც დგახარ მწვერვალზე და ხელს ასწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რადგან  მზე  შენი  გვირგვინი  გგონია.. როდესაც დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფერხთქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია.. მიწა შენს ფერხთქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია.. გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია..დაგიბერავს ქარი და შენი ფრთები გგონია.. ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია.. და თუ ღმერთია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია.. და როდესაც ასე გგონია – კაცი ხარ მაშინ..
დედამიწა ცოცხალი სხეულია..დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს, სძულს, უხარია და სწყინს. ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბორგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვჯიჯგნით, ვგლეჯთ, ვჯბენთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლბს ხოლმე და დაგვინგრევს, მოგვიშლის, წაგვლეკს საბუდარს, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენ კი, გონს მოსულნი, ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქნას, ძიძგნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი და აშეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს..
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე..
მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ.. მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას.. წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე..
 მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი..
- დედამიწა მტკივა, დედამიწა!
- მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არის, დალოცვილო?
- დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს.. ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! 
- მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო?
– მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს.. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით.. მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული.. დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ..
 ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ნუ მიგვატოვებ..“

“ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე. არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები მონადყოფილს, უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა, რაც წიგნისათვის ქაღლადი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ მარად იცოცხლოს, თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადაისვრის…
სოფელიც წიგნს ჰგავს – ზოგი წიგნი ისე მოკლეა, ზოგი კი გრძელია. ზოგი წიგნი ლექსად იკითხვის, ზოგი პროზაა. ზოგი წიგნი მლიქვნელობაა. ზოგი სავსეა სულიერი ჭეშმარიტებით, აბზაც–აბზაც მზე რომ ამოდის. ზოგი სათქმელს პირდაპირ ამბობს, ზოგიც იგავით…
სოფელი წიგნს ჰგავს, წამკითხავნი ჩვენ ვართ სუყველა, წიგნში ვკითხულობთ დიდი სოფლის ამაოებას. ეს სოფელი ზოგს ლექსების წიგნს შემოგვაჩეჩებს, ზოგს მლიქვნელობის, ზოგს სულიერი ჭეშმარიტების. მიდი იკითხე, არჩევანი თითქოს ჩვენზეა, მაგრამ ვაი რომ ხშირად არც არის – ლექსმოწყურებულს, ზოგჯერ ისეთი პროზა დაგხვდება…
ხანდახან ვიტყვი, მოდი ამ წიგნს ჩავკითხავ, რაც არის არის, მეორე წიგნს მერე დავიწყებ, რა მეჩქარება, ჩემ ხელთ არის ეს სამკითხველოო, მაგრამ სოფელი ისე მოკლეა, ბოლომდე მხოლოდ ერთ წიგნს გაკითხებს, დრო აღარ გრჩება ხელმეორედ შემობრუნების. ისე მოკლეა ეს სოფელი, თან ისე გრძელი…
ცეცხლისაგან ნაშობს ცეცხლი წაღებს, წყლისაგან ნაშობი წყლად იქცევა. მტვრისაგან ნაშობი მტვრად იქცევა, დაუბერავს საწუთროს ქარი და კალოზე დაგროვილ ხვავს გაანიავებს. დაგრჩება სული ყოველივე ამის გარეშე – სულის გარდა, ყველაფერი უკუიქცევა …”
გოდერძი ჩოხელი

No comments:

Post a Comment